ანდრეი მედვედევი

ყოფილი ვაგნერელი ნორვეგიაში რუსეთის საზღვართან ახლოს დააკავეს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ყოფილი წევრი, ანდრეი მედვედევი, რომელიც რუსეთიდან ნორვეგიაში ზამთარში გაიქცა, ნორვეგიის პოლიციამ 22 სექტემბერს სოფელ გრენსე იაკობსელვში, რუსეთთან საზღვართან ახლოს დააკავა. როგორც ვარაუდობენ, იგი სიბნელეში გამშვები პუნქტისკენ საზღვრის გადაკვეთის მიზნით მიემართებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Barents Observer-ი ავრცელებს.

რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, მან ჟურნალისტს უთხრა, რომ აპირებდა რუსეთში დაბრუნებას და ეძებდა ვინმეს, ვინც მას საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარებოდა.

მედვედევმა ასევე თქვა, რომ ეშინოდა უკრაინაში ექსტრადიციის და ფიქრობდა, რომ მისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა რუსეთში დაბრუნება.

ნორვეგიაში გაქცევამდე, მედვედევი ამტკიცებდა, რომ მზად იყო ჩვენება მიეცა ვაგნერის მკვდარი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ, მედვედევი მას წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებდა. მედვედევმა გარკვეული დრო გაატარა ლტოლვილთა ბანაკში, შემდეგ კი პოლიციის მეთვალყურეობის პირობით გაათავისუფლეს.

ნორვეგიის ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება მისცეს თუ არა მას პოლიტიკური თავშესაფარი.

ამასთან, თებერვალში ნორვეგიული მედია წერდა, რომ კიევი მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესაძლებლობას განიხილავდა.


ჯერ კიდევ მაისში YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში მედვედევი საუბრობდა, რომ სამშობლოში დაბრუნება სურდა. მისივე თქმით, მას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს დიდ თამაშში გაჭედილი პატარა ბიჭია და ამ თამაშს სურვილის მიუხედავად, ვეღარ ტოვებს.

"ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ მზად ვარ რუსეთის ფედერაციაში დასაბრუნებლად. დახმარებისთვის რუსეთის საელჩოს ოსლოში დავუკავშირდი, რათა ჩემი დაბრუნება შესაძლებელი გახდეს... იმედი მქონდა, რომ აქ სიმშვიდეს ვიპოვიდი, მთელი პოლიტიკა, ომი, ჯარი წარსულში დარჩებოდა, მაგრამ რატომღაც ეს ვერ მოვახერხე. ვნახოთ, რა მოხდება რუსეთში. თუ მომკლავენ, დაე, ასე იყოს. თუ არა, თუ ვიცოცხლებ, დიდად მადლობელი დავრჩები". - ამბობს მედვედევი ვიდეოში და აკონკრეტებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარში რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მაღალი რანგის ყოფილი მებრძოლი, ანდრეი მედვედევი, რომელიც ნორვეგიაში რუსეთიდან თავშესაფრის მისაღებად გადავიდა, ნორვეგიის პოლიციამ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა.

მედვედევის თქმით, მან დაკავებას თავი ათჯერ აარიდა და რუსი მესაზღვრეების ტყვიების აცილებაც შეძლო. მან საზღვარი გაყინული ტბის მეშვეობით გადაკვეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში 6 დღე ყოფნის შემდეგ, აღარ სურდა დაბრუნება, რადგან ნახა, რომ სამხედროებს საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ.

აპრილში მედვედევი ოსლოს ბარში ჩხუბისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის გაასამართლეს. 

26 წლის მედვედევი, რომელიც აქამდე რუსეთის ჯარში მსახურობდა, ვაგნერს მოხალისედ შეუერთდა. კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გააფორმა და უკრაინაში დაახლოებით 10 დღეში გაგზავნეს. ის ბახმუტში, დონეცკის რეგიონში იბრძოდა. მედვედევის თქმით, ის ანგარიშებს პირდაპირ ჯგუფის დამფუძნებლებს, ევგენი პრიგოჟინსა და დმიტრი უტკინს აბარებდა.

ყოფილი ვაგნერელი პრიგოჟინს "ეშმაკს" უწოდებს და ამბობს, ის რომ რუსი გმირი ყოფილიყო, იარაღს აიღებდა და ჯარისკაცებთან ერთად ირბენდა.

კომენტარები