ე.წ. გადატრიალების საქმე

პრემიერი: არ დავუშვებთ, დესტრუქციულმა ძალებმა ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა

"არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში" - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა. მანვე USAID-ის ადგილობრივ ოფისს "სათანადო გამჭვირვალე ახსნა-განმარტებისკენ" მოუწოდა. სუს-ის მტკიცებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

"შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია ისე, თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს, ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა.

ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ვერ ისწავლა, ანალიზს ვერ უკეთებენ, ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ წარსულში არიან, მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი, ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაობების დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში.

მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე.

მე მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები საზღვრებს გარეთ - არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში, არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ გამოვიარეთ არაერთი კრიზისი 90-იანებიდან მოყოლებული, იქნებოდა ეს სამოქალაქო არეულობა, ომები და უამრავი დესტაბილიზაცია. ეს არის ერთადერთი უწყვეტი პერიოდი მშვიდობის და სტაბილურობის, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში.

ჩვენ კარგად ვიცით, რა არის მათი გეგმები, მათი მიზანი - მათი მიზანი არის ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაცია, მათ არ მოსწონთ ის წარმატებები და კეთილდღეობა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, არ მოსწონთ, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა, მათი სურვილი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო მათი თავდაპირველი მიზანი და ეს რჩება სამწუხაროდ ჯერ კიდევ მათ მიზნად.

ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ და სუს-მა გავავრცელეთ, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ, ნუ მისცემენ უფლებას დესტრუქციულ ძალებს, გამოაყენებინონ თავი, გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს, რა თქმა უნდა, ასეც მოხდება, ასროლინეს მოლოტოვი კოქტეილები პოლიციელებზე, ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები, ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ანტიახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში.

ასევე, მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, ვინაიდან დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები, ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა, დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებას, USAID-თან გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის 29 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება. სუს-ის განცხადებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS-ი, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი შეადგენს.

იმავე დღეს, ორგანიზაცია კანვასის დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ თქვა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და სუს-ის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

კომენტარები