სირია

სირიაში სამხედრო აკადემიაზე დრონის თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

Anas Alkharboutli/dpa
Syria attack

მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, სირიაში, ჰომსში მდებარე სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმას სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან როგორც ჯარისკაცები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები. დაშავებულთა შორის ათობით ადამიანია.

სირიის არმიის წარმომადგენლების თქმით, სამხედრო აკადემიის გამოსაშვები ცერემონიის დროს დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მათ რიცხვი არ დაუზუსტებიათ. ცერემონიას კადეტების ნათესავებიც ესწრებოდნენ.

სირიის არმიაში თავდასხმაში ტერორისტთა ჯგუფს ადანაშაულებენ, მაგრამ მათი ვინაობა ჯერ უცნობია.

სირიის კონფლიქტის მონიტორინგის ჯგუფები ვარაუდობენ, რომ დრონების თავდასხმა განხორციელდა ჰომსის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიებიდან, რომელსაც ჯიჰადისტები და მეამბოხეები აკონტროლებენ.

მცირე ხნის შემდეგ, აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი იდლიბის პროვინციიდან გავრცელდა ცნობები, რომ რამდენიმე სამოქალაქო პირი სირიის არმიის საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა.

კომენტარები