სირია

ჩრდილოეთ სირიაში მანქანის აფეთქებას, სულ მცირე, 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ემსხვერპლა

X / @SyriaCivilDef

ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ აზაზში, მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქებას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

სირიაში მოქმედი სამაშველო ჯგუფის, სირიის სამოქალაქო თავდაცვის (ე.წ. თეთრი ჩაფხუტების), ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 

თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ ბაზარში მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას შემთხვევის უკან. 

აზაზს პროთურქული, ოპოზიციური შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ქალაქში სირიის დროებითი მთავრობაც არის განთავსებული, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ებრძვის.

ანალიტიკოსების თქმით, აზაზი სირიის სამოქალაქო ომის კონტექსტში თურქეთთან სიახლოვისა და მომარაგების მარშრუტისთვის ღირებულების გამო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენს. 

კომენტარები