ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ტაბულას იუსტიციის სამინისტროში უდასტურებენ.
3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან პირველ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის იყვნენ გადაყვანილები.
მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა, სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.
ამჟამად დაკავებულია გაქცეულთაგან ერთ-ერთი პატიმარი.
შემთხვევასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. მუხლი დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯგუფურ გაქცევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.