აშშ-ჩინეთი

სი ძინფინგი ბაიდენს: აშშ-ჩინეთს შორის ყველაზე სახიფათო ტაივანის საკითხია

ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრა, 15 ნოემბერი, 2023
Joe Biden/Twitter

გამოცემა Reuters-ის ცნობით, აშშ-ში პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრისას, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა, რომ ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში, ტაივანი ყველაზე დიდი და საშიში საკითხია.

ამერიკის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რომელიც ბაიდენი-სი ძინფინგის შეხვედრას ესწრებოდა, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი მიზანი ტაივანთან მშვიდობიანი "გაერთიანება" იყო, თუმცა მან იმ პირობებზეც ისაუბრა, რა შემთხვევაშიც ჩინეთი ძალას გამოიყენებდა.

სი ძინფინგის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა, რომ "აშშ-ს მკაფიო და ხანგრძლივი პოზიციაა, რომ მტკიცედ სურს, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს".

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, "სტაბილურობა და მშვიდობა კარგია, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე საჭიროა, საკითხი საბოლოოდ გადაიჭრას".

ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები წინა წელს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, ხოლო მიმდინარე წელს ამერიკელებმა აშშ-ს თავზე ჩინური სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს. ჩინეთისა და აშშ-ს ლიდერები ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის ნოემბერში შეხვდნენ.

ამას გარდა, ბოლო პერიოდში ტაივანთან მიმართებით ჩინეთის ქმედებებმა ვითარების უფრო მეტად დაძაბვა გამოიწვია, რასაც აშშ-ს მხრიდან რეგიონში მოკავშირე ქვეყნებისთვის შეიარაღების მიყიდვის გაზრდა მოჰყვა. ამასთანავე, აშშ-მ იაპონიამ და სამხრეთ კორეამ აგვისტოში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუსთან მახლობლად, სამხედრო საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები