ჰარვარდის უნივერსიტეტი

პლაგიატის ახალი ბრალდებების ფონზე, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

კლოდინ გეი

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კლოდინ გეი პლაგიატის ახალი ბრალდებების ფონზე პოზიციას ტოვებს. ბოლო კვირებში მას აკრიტიკებდნენ ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმაზე გამოხმაურების ფორმისა და პლაგიატთან დაკავშირებული ბრალდების გამო.

კლოდინ გეი იყო პირველი შავკანიანი, რომელიც ჰარვარდის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ამ პოზიციაზე მხოლოდ 6 თვით დარჩა, რაც უნივერსიტეტის ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე მოკლე პერიოდია.

"ძალიან რთულად, თუმცა ჰარვარდისადმი ღრმა სიყვარულით ვწერ, რომ პრეზიდენტობას დავტოვებ. ეს არაა გადაწყვეტილება, რომლამდეც მარტივად მივედი". – წერს კლოდინ გეი განცხადებაში.

როგორც გეი წერს, "კორპორაციის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ გადადგომა ჰარვარდის საუკეთესო ინტერესებში შედის".

1-ელ იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ კლოდინ გეის, ძველი ბრალდების გარდა, პლაგიატის კიდევ 6 შემთხვევაზე ედავებოდნენ.

კლოდინ გეი და პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ლიზ მეგილი გააკრიტიკეს მას შემდეგაც, რაც 5 დეკემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის მიერ გამართული მოსმენის დროს რესპუბლიკელი კონგრესმენის, ელიზ სტეფანიკის კითხვებზე პირდაპირი პასუხების გაცემას ერიდებოდნენ. კომიტეტის სხდომა ეხებოდა ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ კამპუსებში ანტისემიტიზმის მატებას. 

სტეფანიკმა გეისა და მეგილს ჰკითხა, ებრაელების გენოციდისკენ მოწოდებები ჩაითვლებოდა თუ არა მათი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქცევის წესების დარღვევად. მეგილმა და გეიმ პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდეს და თქვეს, რომ ქცევის წესების დარღვევა დამოკიდებული იქნებოდა ანტისემიტური განცხადების კონტექსტზე. შემდეგში ორივემ გაავრცელა განცხადება, რომ მათი პასუხები უფრო ცხადი უნდა ყოფილიყო. მეგილმა პოზიცია 10 დეკემბერს დატოვა. გეიმ კი, რომელსაც უნივერსიტეტის მმართველი ჰარვარდის კორპორაცია მხარს უჭერდა, თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელა.

აქამდე, ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოხმაურება დააგვიანა, რასაც სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის, ასევე სხვა ადამიანების უკმაყოფილება მოჰყვა. 9 ოქტომბერს გეიმ და ჰარვარდის ადმინისტრაციის სხვა წევრებმა გაავრცელეს განცხადება: "გულგატეხილი გეხმაურებით სიკვდილსა და ნგრევაზე, რომელიც ჰამასმა ამ შაბათ-კვირას წამოიწყო და რომლის სამიზნეები ისრაელის მოქალაქეები იყვნენ, ასევე ისრაელსა და ღაზას შორის ამჟამად მიმდინარე ომზე". ამ სიტყვებმა ასევე დაიმსახურა კრიტიკა, მათ შორის ჰარვარდის ყოფილი პრეზიდენტის, ლოურენს სამერსის მხრიდან. 

"რატომ ვერ ვხედავთ ჰარვარდის მხრიდან ისეთ მორალურ სიცხადეს, როგორიც იყო ჯორჯ ფლოიდის სიკვდილისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში, მაშინ, როცა ტერორისტები ხოცავენ, აუპატიურებენ და მძევლებად მიჰყავთ ასობით ისრაელელი მუსიკალური ფესტივალიდან?". – წერდა სამერსი X-ზე.

შემდეგ დღეს კლოდინ გეიმ მორიგი განცხადება გაავრცელა, ამჯერად მხოლოდ თავისი სახელით და თქვა, რომ "ჰამასის ტერორისტულ საშინელებს" გმობდა. ამ სიტყვებმა უნივერსიტეტში პროპალესტინურად განწყობილი სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია. 

ნოემბრის ბოლოს აშშ-ს განათლების დეპარტამენტმა ჰარვარდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

10 დეკემბერს გამოჩნდა პლაგიატთან დაკავშირებული პირველი ბრალდებები. კონსერვატორი აქტივისტები, კრისტოფერ რუფო და კრისტოფერ ბრუნეტი სტატიაში წერდნენ, რომ კლოდინ გეის 1997 წლის სადოქტორო დისერტაციაში აღმოაჩინეს პლაგიატის ფაქტი. მათი თქმით, ავტორს არ ჰქონდა სწორად ციტირებული 7 სხვადასხვა მკვლევრის ნამუშევარი. მომდევნო დღეს, გამოცემა Washington Free Beacon-მა გაავრცელა ბრალდება, რომ პლაგიატის ფაქტები კლოდინ გეის დამატებით სამ პუბლიკაციასა და დისერტაციის კიდევ ორ მონაკვეთში აღმოაჩინეს. 19 დეკემბერს გამოჩნდა პლაგიატის მორიგი ბრალდებები. ჰარვარდის ოფიციალურ პასუხში ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტი კლოდინ გეი საკუთარ დისერტაციას ჩაასწორებდა.

კომენტარები