ჰარვარდის უნივერსიტეტი

ჰარვარდის მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის ცენტრის უფროსს პლაგიატში ადანაშაულებენ

HARVARD UNIVERSITY

ჰარვარდის უნივერსიტეტის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის უფროსს, პროფესორს შერი ენ ჩარლსტონს პლაგიატში ადანაშაულებენ. პლაგიატთან ერთად მას ადანაშაულებენ აკადემიურ ტექსტში მისი ქმრის ნაშრომის ციტირების წესების დარღვევაში. 

შერი ენ ჩარლსტონის წინააღმდეგ წარდგენილ ანონიმურ საჩივარში პლაგიატში ბრალდების 40 მაგალითია მოყვანილი. აღნიშნული შემთხვევებიდან ყველაზე ძველი 2009 წლით თარიღდება. შერი ენ ჩარლსტონი ჰარვარდს 2019 წელს შეუერთდა. 

ციტირების წესების დარღვევის გარდა შერი ენ ჩარლსტონს ადანაშაულებენ მისი ქმრის, ლავარ ჩარლსტონის ნამუშევრის მითვისებაში, რომელიც მან 2012 წელს დაწერა. საჩივრის მიხედვით, შერი ენ ჩარლსტონმა 2014 წლის სტატიაში 2012 წელს დაწერილი ნაშრომი გამოიყენა და არ მიუთითა, რომ ის ლევარ ჩარლსტონის დაწერილი იყო. 

"2014 წლის ნაშრომი სრულიად გაყალბებულია"  - თქვა პიტერ ვუდმა, მკვლევრების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ. 

2 იანვარს ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კლოდინ გეიმ პლაგიატის ახალი ბრალდებების ფონზე პოზიცია დატოვა. ბოლო კვირებში მას ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმაზე გამოხმაურების ფორმისა და პლაგიატთან დაკავშირებული ბრალდების გამო აკრიტიკებდნენ.

10 დეკემბერს გამოჩნდა პლაგიატთან დაკავშირებული პირველი ბრალდებები. კონსერვატორი აქტივისტები, კრისტოფერ რუფო და კრისტოფერ ბრუნეტი სტატიაში წერდნენ, რომ კლოდინ გეის 1997 წლის სადოქტორო დისერტაციაში აღმოაჩინეს პლაგიატის ფაქტი. მათი თქმით, ავტორს არ ჰქონდა სწორად ციტირებული 7 სხვადასხვა მკვლევრის ნამუშევარი. მომდევნო დღეს, გამოცემა Washington Free Beacon-მა გაავრცელა ბრალდება, რომ პლაგიატის ფაქტები კლოდინ გეის დამატებით სამ პუბლიკაციასა და დისერტაციის კიდევ ორ მონაკვეთში აღმოაჩინეს. 19 დეკემბერს გამოჩნდა პლაგიატის მორიგი ბრალდებები. ჰარვარდის ოფიციალურ პასუხში ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტი კლოდინ გეი საკუთარ დისერტაციას ჩაასწორებდა.

კომენტარები