რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვამ ხომალდ "სერგეი კოტოვის" აფეთქების ვიდეო გაავრცელა [VIDEO]

 უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ააფეთქეს რუსული საპატრულო ხომალდო სერგეი კოტოვი.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი უკრაინული საზღვაო დრონების ტყვიამფრქვევებით მოგერიებას, რაც არ გამოუვიდა. აღბეჭდილია რამდენიმე აფეთქება. 

აქამდე გავრცელდა კადრები, რომლებშიც შორი მანძილიდან ჩანდა, როგორ ცდილობდა სანაპიროს მახლობლად მცურავი რუსული ხომალდი უკრაინული დრონების მოგერიებას, რასაც აფეთქება მოჰყვა.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველომ 5 მარტს გაავრცელა ცნობა, რომ გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პროექტი 22160-ის ტიპის საპატრულო ხომალდი სერგეი კოტოვი.

როგორც ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი, ხომალდის წინააღმდეგ ოპერაცია 4-5 მარტის ღამეს ГУР-ის მე-13 ჯგუფმა ჩაატარა. აღნიშნულია, რომ მისია უკრაინის საზღვაო ძალებთან და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა. 

ГУР-ის ცნობით, თავდასხმისთვის გამოიყენეს Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონები, რომელთა დახმარებითაც დააზიანეს რუსული ხომალდის უკანა მხარე, ასევე მარჯვენა და მარცხენა გვერდები. შემთხვევა ქერჩის სრუტის მახლობლად მოხდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა წერს, რომ სერგეი კოტოვის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია.

უკრაინელებმა ამ ხომალდზე თავდასხმა გასული წლის ივლისშიც სცადეს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ცნობა, რომ საზღვაო დრონები მოიგერიეს. 

სერგეი კოტოვი რუსეთის შავი ზღვის ფლოტს 2022 წელს გადაეცა.

კომენტარები