გაერთიანებული სამეფო

ბრიტანეთმა და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი რიში სუნაკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Paul Ellis / PA

დღეს, 14 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და თურქეთმა ახალ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები დაიწყეს, რომლის მთავარი სამიზნეც მომსახურების სექტორი იქნება.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმება უკვე არსებობს, რომელიც ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შედეგად შენარჩუნდა, თუმცა ორივე მხარე შეთანხმების გადახედვას აპირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი გაუმჯობესება შეიძლება.

"ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც ახალი, მოდერნიზებული სავაჭრო შეთანხმებით კიდევ უფრო გაძლიერდება". - თქვა ბრიტანეთის ვაჭრობის მდივანმა კემი ბეიდნოკმა.

გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის სამინისტროს თქმით, მოლაპარაკებების დაწყება ზაფხულში იგეგმება. დიდი ბრიტანეთის მხარე იმედოვნებს, რომ, ერთი მხრივ, ახალი შეთანხმება ბრიტანელ მომხმარებელს თურქულ პროდუქციაზე წვდომას გაუმარტივებს, ხოლო მეორე მხრივ, ბრიტანეთის მომსახურების ინდუსტრიის ექსპორტის გაზრდას გამოიწვევს.

ამჟამად გაერთიანებული სამეფო სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ინდოეთთან, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან და სამხრეთ კორეასთან მართავს. 

კომენტარები