გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთის არმიის მინისტრი თანამდებობას ტოვებს, მომავალ არჩევნებში კენჭს არ იყრის

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი
Jeff Gilbert / Jeff Gilbert Photography

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებშიც არ იყრის კენჭს.

კონსერვატორმა პარლამენტის წევრმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ოჯახური მოვალეობები დაასახელა და განაცხადა, რომ განსხვავებული კარიერული გზის არჩევა სურს.

გამოქვეყნებულ წერილში, იგი წერს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის "მტკივნეული გადაწყვეტილება" მიიღო. ამასთანავე, ჰიპის თქმით, იგი პარტიის ლიდერად და პრემიერმინისტრად რიში სუნაკის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ჯეიმს ჰიპი პარლამენტის თანამდებობამდე ერაყში, ავღანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ჯარში მსახურობდა. იგი შეიარაღებული ძალების მინისტრად ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2022 წელს დანიშნა. ამას გარდა, არსებობდა მოლოდინი, რომ ბენ უოლასის შემდეგ თავდაცვის მდივანი ჯეიმს ჰიპი გახდებოდა, თუმცა, უოლასი მოგვიანებით გრანტ შაფსმა ჩაანაცვლა.

ჰიპის გადაწყვეტილების შესახებ ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გადადგომის მიზეზი ქვეყნის თავდაცვაში არასაკმარისი ბიუჯეტით უკმაყოფილება იყო. თუმცა, კიდევ ერთმა წყარომ გამოცემასთან განაცხადა, რომ ჰიპის მიერ ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნების მიუხედავად, აღნიშნულ პოზიციას მის გადადგომასთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები