კრიმინალი

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულები ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს. ამავდროულად, ქოლ-ცენტრიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ" – წერია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

საგამოძიებო ორგანოს მიხედვით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

კომენტარები