ირანის თავდასხმა ისრაელზე

მიშელი: ევროკავშირის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

Yves Herman/Reuters

ევროკავშირის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ირანელ დრონებისა და რაკეტების მწარმოებლებს. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ირანის იზოლაციაში მოქცევისთვის ყველაფერი გაკეთდეს". - აღნიშნა მიშელმა.

ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ ამ დრომდეც არაერთი სანქცია ჰქონდა დაწესებული, მათ შორის, მოსკოვისთვის დრონების მიყიდვის გამო, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალ სანქციებზე ბრიუსელში მიმდინარე ორდღიან სამიტზე შეთანხმდნენ. გაერთიანების 27 ქვეყნის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ პირველად შეხვდნენ.

"ჩვენ ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას. გადავწყვიტეთ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება. ეს არის მკაფიო მესიჯი. ასევე გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავიცვათ მოქალაქეები. თითოეული მოქალაქის სიცოცხლე მნიშვნელოვანია". - თქვა მიშელმა.

კომენტარები