ირანის თავდასხმა ისრაელზე

ბერბოკი: G7-მა პასუხი უნდს გასცეს ირანის თავდასხმას ისრაელზე

Morris MacMatzen/Getty Images

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, G7-მა პასუხი უნდა გასცეს ირანის სარაკეტო თავდასხმას ისრაელზე. მისი თქმით, ზომებზე, რომელსაც ირანის წინააღმდეგ მიიღებენ, იტალიაში G7-ის შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში კონფლიქტის კიდევ უფრო გავრცელება და ესკალაცია დაუშვებელია.

G7-ის წევრი სახელმწიფოები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია. მოსალოდნელია, რომ ეს სახელმწიფოები ირანს დამატებით სანქციებს დაუწესებენ.


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები