2024 წელს გარდაცვლილები

82 წლის ასაკში ამერიკელი ფილოსოფოსი დენიელ დენეტი გარდაიცვალა

დენიელ დენეტი

82 წლის ასაკში ამერიკელი ფილოსოფოსი, კოგნიტივისტი და მწერალი დენიელ დენეტი გარდაიცვალა. დენეტი ავტორია მნიშვნელოვანი კვლევებისა გონების, მეცნიერებისა და ბიოლოგიის ფილოსოფიის მიმართლებით.

დაიბადა 1942 წელს, ბოსტონში, ისტორიკოსის ოჯახში. 1963 წელს დაამთავრა ჰარვარდის მაგისტრატურა ფილოსოფიის მიმართულებით. შემდეგ გაემგზავრა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც გილბერტ რაილის ხელმძღვანელობით მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მუშაობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, 1971 წლიდან ასწავლიდა ტაფტსის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს წაკითხული აქვს კურსები ჰარვარდის, პიტსბურგის, ოქსფორდისა და პარიზის უნივერსიტეტებში.

დენეტი 1960-იანი წლებიდან ავითარებდა ცნობიერების თეორიას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მრავალი პროექტის მოდელი. თეორია მოიცავს ელიმინატიურ მატერიალიზმს, ბიჰევიორიზმს და ფუნქციონალიზმს. ფილოსოფოსის აზრით, მთლიანი მეცნიერება, ცნობიერის მეცნიერების ჩათვლით, ეყრდნობა ობიექტურ მსჯელობებსა და ემპირიულ მონაცემებს, რომლებიც დამკვირვებელზეა დამოკიდებული. 

დენეტი უარყოფს შინაგანი "მე"-ს არსებობას, რომლის ხედვა წარმოიქმნება ხალხის მიერ შექმნილი ნარატივების კრიტიკის გარეშე მიღების შედეგად. ამავდროულად, დენეტი არ ითხოვს მეცნიერებიდან ცნობიერების ცნების სრულ გამორიცხვას, მაგრამ საკმარისად მიიჩნევს მისგან მხოლოდ "ფენომენალური ცნობიერების" ცნებების აღმოფხვრას. მას მიაჩნია, რომ ცნობიერება შედგება მრავალი ინფორმაციის ნაკადებისგან, რომლებიც ტვინის წვდომისთვის იბრძვიან, აღწევენ მასში "პოლიტიკურ კონტროლს" და ამგვარად აკონტროლებენ ადამიანის ქცევას. დენეტის მიერ შემოთავაზებული ადამიანის ცნობიერების ახსნას არ აქვს ფუნდამენტური განსხვავებები რთული რობოტის ქცევის ახსნისგან, რომელსაც მასში ჩაშენებული პროგრამები აკონტროლებენ.

ფილოსოფოსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონცეფციაა "ღმერთის რწმენის რწმენა", რომელიც მის წიგნში Breaking The Spell გვხვდება.

დენეტის აზრით, ღმერთის ფუნდამენტური შეუცნობლობა რწმენის ცენტრალური ელემენტია, ხოლო რელიგიური მტკიცებულებები აღსაქმელად სულ უფრო და უფრო რთული ხდება. 

"ბევრ ადამიანს სწამს ღმერთის. ბევრ ადამიანს კი სწამს ღმერთის რწმენის. რა განსხვავებაა? ადამიანები, რომელთაც ღმერთის სწამთ, დარწმუნებულნი არიან, რომ ის არსებობს და ბედნიერები არიან, რადგან ღმერთი არის ყველაზე მშვენიერი რამ, რაც მათ აქვთ. ადამიანები, რომელთაც სწამთ ღმერთის რწმენის, დარწმუნებულნი არიან, რომ ღმერთის რწმენა არსებობს და თვლიან, რომ ეს სიკეთეა და რწმენა უნდა იყოს აქტიურად წახალისებული და გავრცელებული ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არის: ოჰ, ნეტავი ღმერთის რწმენა უფრო ფართოდ იყო გავრცელებული! ადამიანს უნდა სწამდეს ღმერთი. ადამიანი უნდა ცდილობდეს იწამოს ღმერთი. ადამიანმა უნდა განიცადოს, თავი იმართლოს, იგრძნოს უკმაყოფილება და დანაშაულიც კი, თუ უცებ გაიაზრებს, რომ ღმერთის არ სწამს.

სავსებით შესაძლებელია იყო ათეისტი და ამავდროულად გწამდეს ღმერთის რწმენის. ასეთი ადამიანი არ არის მორწმუნე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვლის, რომ ღმერთის რწმენა მშვენიერი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა. ადამიანები, რომლებსაც სწამთ ღმერთის რწმენის, ცდილობენ მიიზიდონ სხვები რწმენაში და თუ ხვდებიან, რომ საკუთარი რწმენა სუსტდება, ყველაფერს აკეთებენ მის აღსადგენად.

იშვიათია, მაგრამ ხანდახან მაინც გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც სწამთ და ამავდროულად ნანობენ ამაზე. მათ არ სწამთ საკუთარი რწმენის! უცებ რომ გავიაზრო, რომ მჯერა პოლტერგეისტების ან ლოხ ნესის ურჩხულის, ალბათ ძალიან მეწყინებოდა". – წერს დენეტი.

დენეტი ათეისტი და სეკულარიზმის მხარდამჭერია. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ახალი ათეიზმის ერთ-ერთ მამამთავრად რიჩარდ დოკინსთან, სემ ჰარისთან და კრისტოფერ ჰითჩენსთან ერთად.

კომენტარები