რუსული კანონი

საია შსს-ს: ამ დროისთვის არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა

ტაბულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, "არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით და არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით, როგორიცაა ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მისამართით, და, რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება ერთმანეთის პარალელურად". საია აღნიშნავს, რომ "ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა".

"საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი. კადრებში, ასევე, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები" - წერს საია.

ამასთან, ორგანიზაცია მოქალაქეებსაც მიმართავს, დაკავების შემთხვევაში საიას ცხელ ხაზზე დარეკონ - #577070563.

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება" - წერს საია.

პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ნაწილს სცენაზე ასვლა სურდათ, თუმცა, სამართალდამცველები ადგილს ქართული ოცნების 29 აპრილს დაგეგმილი კონტრაქციისთვის იცავენ. შსს-მ სპეციალური საშუალება გამოიყენა, მიზეზად კი, აქციის "ძალადობრივი ხასიათი" დაასახელა. 

ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

კომენტარები