რუსული კანონი

ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც 29 აპრილს შეუშვებენ

აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ (ონლაინმედიების წარმომადგენლები)

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე ხვალ, 29 აპრილსაც იმოქმედებს. ვიზიტორებს პარლამენტის შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. 29 აპრილს იურიდიული კომიტეტის სხდომა დილის 09:00-ზეა დაგეგმილი, სადაც რუსული კანონი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ.

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - წერია განცხადებაში.

ონლაინ მედის მიმართ შეზღუდვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 15 აპრილიდან მოქმედებს - ინტერნეტ გამოცემებს პარლამენტში რუსული კანონის განხილვის გაშუქების საშუალება არ ეძლევათ. ასევე, ონლაინ-მედიას არ მისცეს ე.წ ოფშორების კანონის განხილვებისას პარლამენტში შესვლის უფლება. 

ამასთან, 16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიებზე თქვა, რომ "არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით".

"ონლაინგამოცემა პუბლიკის ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა - გაშალა პლაკატი... ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა, გამზადებული ჰქონდათ პლაკატები, წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის გამოხატვა, რაც გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ამიტომ, არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შეხვიდე შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად.

კომენტარები