რუსული კანონი

NGO-ები: ოხანაშვილი ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას, განხილვა ცენზურის ფონზე მიმდინარეობს

21 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ცენზურის ფონზე მომდინარეობს.

"კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვის დასრულების შესაძლებლობას არ აძლევს და აძევებს დარბაზიდან.

კომიტეტის თავმჯდომარე ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სიტყვის ჩამორთმევის და გაძევების პრაქტიკა არღვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება არც პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს. აღნიშნული ნორმის მიზანია  სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა და ის არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის მოსაზრების (მათ შორის, განსხვავებული აზრის) დაფიქსირების შესაძლებლობის ჩამორთმევას სხდომის თავმჯდომარის მიერ. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში კითხვებთან ერთად მოსაზრებების წარდგენის დაუშვებლობას, არამედ საკომიტეტო მოსმენამ უნდა უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის, ალტერნატიული წინადადების მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა.

ამასთანავე, ოხანაშვილი უხეშად ერევა პარლამენტის წევრების უფლებაში, თავად განსაზღვრონ კითხვის შინაარსი და არ აძლევს სათანადო დროს მის დასასმელად, რითაც იხშობა კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება "რუსული კანონის” ერთპარტიულად განხილვის გარემო. 

მოვუწოდებთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომაზე მყოფ პირებს, მაქსიმალურად მისცეს კითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება" - წერია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ევროპული ორბიტა, საფარი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, მედიის განვითარების ფონდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, დემოკრატიის მცველები, Tbilisi Pride, საქართველოს მომავლის აკადემია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რუსული კანონის განხილვისას სხდომიდან გააძევა 10 ოპოზიციონერი დეპუტატი და 2 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ანრი ოხანაშვილმა სხდომის დარბაზი დაატოვებინა თაკო ჩარკვიანს, პარტია მოქალაქეების წევრს, ქეთი თურაზაშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ბეჟაშვილს, დამოუკიდებელ დეპუტატს, თამარ კორძაიას, ლელოს წევრს, სალომე სამადაშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით ხაჯეიშვილს, ევროოპტიმისტების წევრს, ხატია დეკანოიძეს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი გოდაბრელიძეს.

ამის შემდეგ, გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ "ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე, პროტესტის ნიშნად, ვტოვებ ამ სხდომას".

კომენტარები