რუსული კანონი

ენერგიას შემოდგომამდე გაანიავებენ - ივანიშვილი გაწვეული რუსული კანონის დაბრუნებაზე

ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერები "სრული სიმართლის თქმას" ერიდებიან. ივანიშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ "საერთო-სახალხო შეკრებაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "NGO-ების გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება შეგიძლია დანიშნო გარედან". მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, "რომელსაც ხშირად გვამადლიან", თითქმის მთლიანად "აგენტურის გამაგრებას და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება".

"ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს" - თქვა ივანიშვილმა, რომლის მტკიცებითაც, უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება.

"შეიძლება, დაისვას კითხვა, რატომ გაიწვია შარშან გუნდმა კანონი და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა:

1. შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც მოტყუებული მოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა;

2. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში შარშან სირთულეები შეიძლებოდა შექმნოდა. წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, ნაციონალებმა და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ენჯეოების გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. 

გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა, ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია" - აღნიშნა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის თქმითვე, საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა - "ხომ არ ჯობდა, საზოგადოების სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა, ლგბტ პროპაგანდის და NGO-ების შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა?". ამაზე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს "არ მოგვასვენებდნენ".

"იგივე ძალები, რომლებიც 2 და 4 წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ, ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. 

ამიტომ, ლგბტ პროპაგანდისა და NGO-ების შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა - ერთის მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს, მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის.

შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული - ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, ჩვენ მიმართ წყენა ისედაც არ აკლია" - თქვა ქართული ოცნების დამფუძნებელმა.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით უკვე მიიღო. პლენარული სხდომა ხვალ, 30 აპრილს ჩატარდება, სადაც სავარაუდოდ, კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

კომენტარები