ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დროებითი ნავსადგომის აშენება აშშ-ს $320 მილიონი დაუჯდება

სამხედრო თვითმფრინავი ღაზის სექტორში, რაფასა და ხან იუნისის თავზე, ჰუმანიტარულ დახმარებას ყრის, 27 თებერვალი, 2024
Said Khatib/AFP/Getty Images

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს შეიარაღებული ძალების გათვლებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დროებით ნავსადგომის აშენება აშშ-ს $320 მილიონი დაუჯდება. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა და საკითხში გარკვეულმა წყარომ გაუზიარა.

პენტაგონის თქმით, ნავსადგომის მშენებლობის პროცესს დაახლოებით 1000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დასჭირდება. ამას გარდა, გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ წინა თვეებთან შედარებით, ნავსადგომის მშენებლობის სავარაუდო გათვლები გაორმაგებულია.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნავსადგომის მშენებლობის გეგმა მარტის თვეში გააჟღერა. Reuters-ის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი გზის გახსნით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში შიმშილის საფრთხის თავიდან არიდება გამარტივდება.

ამავდროულად, არსებობს საფრთხე, რომ ჰამას-ისრაელის ომში ამერიკელი ჯარისკაცების პირდაპირ გარევის საფრთხე. ეს 25 აპრილს კიდევ უფრო ცხადი გახდა, როდესაც გავრცელდა ცნობები, რომ ჰამასმა ნაღმსატყორცნით იერიშები იმ ადგილზე მიიტანა, სადაც მალე ნავსადგომის მშენებლობა უნდა დაიწყოს. თუმცა, ჯერჯერობით ბაიდენს ნაბრძანები აქვს, რომ ამერიკის სამხედრო ძალები ღაზის სანაპიროზე არ უნდა გადავიდნენ.

გეგმის მიხედვით, თავდაპირველად ნავსადგომი 90-მდე სატვირთო მანქანას მოემსახურება, თუმცა სრულად ამუშავების შემდეგ შესაძლოა 150-მდე სატვირთოსაც გასწვდეს.

კომენტარები