რუსული კანონი

2 მაისს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები გაუქმდა

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, "1 მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება". პარლამენტის ცნობით, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. 

"წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. 

2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - აცხადებს პარლამენტი.

პირველ მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეების მიმართ სპეცრაზმმა არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. შსს რეზინის ტყვიის გამოყენებას უარყოფს, თუმცა, აქციის მონაწილეების მტკიცებით, დაზიანებები სწორედ რეზინის ტყვიებით მიიღეს და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.

კომენტარები