პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩემენტის კენჭისყრის დღეს პარლამენტში
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკვე დაუბრუნა.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ე.წ. ოფშორების კანონი 19 აპრილს მიიღო. საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

წაიკითხეთ ვრცლად კანონის მიმოხილვა: ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული ოფშორების კანონი: სანქციების შიში?

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზეზი ის არის, რომ "მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა - ამიტომ, იქიდან [ოფშორული ზონა] წასვლას აპირებენ და ბევრი გადის, უბრუნდება თავიანთ ქვეყნებს".

"ბოლო დროს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის მქონე ქვეყნებში, რომელსაც ჩვენ ოფშორს ვეძახით, საკმაოდ გაურთულდა მუშაობა კომპანიებს. მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა - ამიტომ, იქიდან წასვლას აპირებენ და ბევრი გადის, უბრუნდება თავიანთ ქვეყნებს. ზოგადად, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად კანონიერია და ოფშორული ქვეყნების უმრავლესობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების იურისდიქციის ქვეშ არის, მაგრამ რადგან ასეთი ტენდენცია წავიდა, ქვეყნები ცდილობენ, რომ ეს კაპიტალი არ დაიკარგოს და მათთან წავიდეს და იღებენ ისეთ კანონებს, რომელზედაც მე ახლა ვსაუბრობ.

თუ ოფშორში არის დაფუძნებული კომპანია, რომლის დამფუძნებელიც არის ან ერთი ან მრავალი პირი და ის ფლობს საქართველოში რაღაც წარმოებას ან ფირმას, აღარ უნდა ეს ოფშორი და უნდა საქართველოში იყოს ხელმძღვანელი - ამ შემთხვევაში, მას მოუწევდა გადასახადების გადახდა, ახლა ერთჯერადად ვათავისუფლებთ, რათა გადმოიტანოს, გახსნას აქ ფირმა და იყოს საქართველოში, ეს მოგვცემს მეტ გადასახადს, მეტ გამჭვირვალობას და მეტ ბიზნესს.

თუ ამ კომპანიებს გააჩნიათ კიდევ სხვა საშუალებები, მაგალითად მანქანები, თვითმფრინავები თუ სხვა ძირითადი საშუალებები, ისიც ერთჯერადად შემოტანის დროს იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლდება". - თქვა კვიჟინაძემ.

კომენტარები