აშშ

ბაქოს სასარგებლოდ მუშაობის სანაცვლოდ ქრთამის აღებისთვის კონგრესმენს ბრალი წარედგინა

ამერიკელი კონგრესმენი ჰენრი კელარი
Getty Images

ამერიკელ კონგრესმენს, ჰენრი კელარსა და მის ცოლს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებისთვის ბრალი წარედგინათ. ბრალდების მტკიცებით, წყვილმა კორუფციულად მიიღო ფული აზერბაიჯანის მთავრობის საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანიიდან და მექსიკის ბანკიდან.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კელარი დათანხმდა ფულის სანაცვლოდ გავლენა მოეხდინა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ და მიეღო ზომები, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა მეხიკოში მდებარე ბანკის სათავო ოფისისათვის.

კელარებმა, სავარაუდოდ, ქრთამის სახით მიღებული შემოსავალი რიგი ვალების დასაფარად და მათი ოჯახისთვის სხვადასხვა ტიპის საქონლის შესყიდვისთვის გამოიყენეს.

68 წლის კელარმა, რომელიც ტეხასის შტატიდან კონგრესში დემოკრატების წარმომადგენელია, ბრალდებები უარყო.

"მინდა ცხადად ვთქვა, რომ მე და ჩემი ცოლი უდანაშაულოები ვართ ამ ბრალდებებში". - თქვა მან.

წყვილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს შეთქმულების, მექრთამეობის, თაღლითობის, ფულის გათეთრების და უცხოური ორგანიზაციის აგენტად მოქმედების რამდენიმე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ციხეში ათწლეულების გატარება მოუწევთ.

კომენტარები