აშშ-რუსეთი

რუსეთში ქურდობის ბრალდებით ამერიკელი სამხედრო დააკავეს

REUTERS/Maxim Shemetov/File Photo

რუსეთში ამერიკელი სამხედრო ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჯარისკაცის "დანაშაულებრივი ქმედების" გამო დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ს არმიამ გაავრცელა. მოგვიანებით ფაქტი რუსულმა სახელმწიფო მედიამაც დაადასტურა და დაწერა, რომ სამხედროს წინააღმდეგ ვლადივოსტოკის სასამართლოში საქმე ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით Reuters-ს უთხრა, რომ ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში მდებარე ბაზაზე მსახურობს.

აშშ-ს არმიას დაკავებული სამხედროს ვინაობა ამ დრომდე არ გაუვრცელებია. თუმცა, რუსულმა სახელისუფლებო მედიამ სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ სამხედრო იდენტიფიცირებულია როგორც გორდონ ბლექი.

რუსული გაზეთი იზვესტია, უსახელო წყაროზე დაყრდნობით, ამბობს, რომ სამხრეთ კორეაში მყოფი სერჟანტი ინტერნეტით შეხვდა ქალს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პორტ ვლადივოსტოკიდან. იზვესტია წერს, რომ წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა და მათი თანაცხოვრების პერიოდში ამერიკელმა ჯარისკაცმა პარტნიორს 200 ათასი რუბლი, დაახლოებით, 2 196 დოლარი მოჰპარა.

კომენტარები