რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

SpaceX-თან თანამშრომლობით პენტაგონმა რუსეთი Starlink-ის უნებართვო გამოყენებისგან დაბლოკა

უკრაინის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სისტემა ფრონტის ხაზზე, ბახმუტთან, 8 მარტი, 2023
REUTERS/Lisi Niesner/File Photo

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის კოსმოსური პოლიტიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პენტაგონის მაღალჩინოსნებმა, ილონ მასკის SpaceX-თან თანამშრომლობით, რუსეთის ჯარის მიერ Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალების უნებართვო გამოყენება აღკვეთეს.

აშშ-ს კოსმოსური პოლიტიკის წარმავალმა დამხმარე მდივანმა, ჯონ პლამბმა Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ "მჭიდროდ არის ჩართული უკრაინის მთავრობასა და SpaceX-თან თანამშრომლობაში, რათა რუსეთის მიერ Starlink-ის ტერმინალების არაკანონიერ გამოყენებას გაუმკლავდეს".

მისი თქმით, "ამ დროისთვის ჩვენ წარმატებით შევაჩერეთ რუსეთის მიერ [ტერმინალების] მოხმარება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი გააგრძელებს სცადოს და იპოვოს Starlink-ისა და სხვა კომერციული საკომუნიკაციო სისტემების ექსპლუატირების გზები".

პლამბმა ასევე დაამატა, რომ აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრილი არ არის, თუმცა, ამ ეტაპზე უკრაინის, Starlink-ისა და პენტაგონის ერთობლივი ძალისხმევით, პრობლემის გადაჭრის გზები ნაპოვნია.

მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალებს იყენებს.

"რუსი ოკუპანტების მიერ აღნიშნული მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები შევნიშნეთ. ეს სისტემურ სახეს იღებს". - თქვა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წარმომადგენელმა ანდრიი იუსოვმა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ SpaceX-მა 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთში Starlink-ის ტერმინალები გააქტიურებული არ არის. ამას გარდა, კომპანიის თქმით, რუსეთში სატელიტური ინტერნეტის სერვისი არასდროს გაუყიდიათ.

მოგვიანებით, უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) დამატებით განმარტა, რომ რუსეთის ძალები Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალებს ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად "არაბული ქვეყნებისგან" ყიდულობს.

სააგენტომ გაავრცელა ხელში ჩაგდებული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც, მათი თქმით, ორი რუსი ჯარისკაცი არაბი მიმწოდებლებისგან დაახლოებით $2200-ის ღირებულების ერთეულების ყიდვას განიხილავს.


SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი არასაიმედო, ძვირი ან მიუწვდომელი იყო. პროექტის შემუშავება 2015 წელს დაიწყეს. პირველი სატესტო პროტოტიპები TINTIN-ი 2018 წლის თებერვალში, ხოლო უშუალოდ Starlink-ის თანამგზავრების პირველი ჯგუფი ორბიტაზე 2019 წლის მაისში გაუშვეს.

2022 წელს, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინ უკრაინას შეუწყდა კომუნიკაციის სისტემა, ილონ მასკმა უკრაინას მისცა Starlink-ის სატელიტური ტერმინალების გამოყენების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. 2022 წლის 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. 

უკვე 2023 წლის თებერვალში, SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა თქვა, რომ კომპანიამ მიიღო ზომები უკრაინული სამხედროების მიერ დრონების სამართავად კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სერვისის Starlink-ის გამოყენების შესაზღუდად.

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის დანიშნულება, რომელიც უკრაინის სამხედროებს რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად კომუნიკაციაში ეხმარებოდა, შოტველის თქმით, არასდროს გულისხმობდა შეტევითი მიზნებისთვის მის ინსტრუმენტალიზაციას. 

კომენტარები