კორცხელის ინციდენტი

ენმ დიპკორპუსს სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის ფაქტებს აცნობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. ოპოზიცია ელჩებს 22 მაისის შუალედური არჩევნების დროს, სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის ფაქტებს აცნობს. შეხვედრაზე აჩვენებენ საარჩევნო უბანთან, ენმ-ის ლიდერებზე თავდასხმის ამსახველ ვიდეომასალასაც. 

„თუ ამგვარი ძალადობა ხდება და ხელისუფლებას გასდის ეს ძალადობა ერთ პატარა სოფელში, ერთ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბი ექნება ძალადობას 8 ოქტომბრისათვის. ამიტომ, დიპლომატიური კორპუსი შეშფოთებულია იმით, რომ ეს ძალადობა არ უნდა გავრცელდეს, აღიკვეთოს და, რაც ყველაზე მთავარია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ის პირები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან ახლა კორცხელში, გარდაბნის არჩევნებზევე ემზადებოდნენ ანალოგიური ქმედებისთვის, ხელისუფლებას მაშინვე რომ მიეღო შესაბამისი ზომები, ბუნებრივია, ეს არ განმეორდებოდა, მაგრამ ხელისუფლება თავად არის მათი ორგანიზატორი", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ენმ-ის წევრებს - გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი ჯგუფი, მათ შორის, მოჭიდავეები და მორაგბეები რკინის ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულები სცემდნენ პარტიის წევრებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

კომენტარები