სტამბოლის აფეთქება

REUTERS: სტამბოლის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევია

REUTERS თურქულ სამთავრობო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია.

რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან, აჰმედ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს იარაღის უკანანო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავა. სპეცოპერაციის დროს მიღებული ჭრილობის გამო მას ცალი ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩატაევი დაკავების დროს რამდენიმე ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. მის დაკავებას აქციები მოჰყვა თბილისსა და პანკისის ხეობაში. ჩატაევის უკანონო პატიმრად აღიარებას მოითხოვდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველი, მათ შორის, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც იმ დროს ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა.

2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აჰმედ ჩატაევი ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა. ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა.

2015 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჰმედ ჩატაევი გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩატაევი ავსტრიიდან სირიაში გაემგზავრა, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში.

REUTERS-ისვე ინფორმაციით, სამი თვითმკვლელი ტერორისტი, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე, რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ. თურქული გაზეთი Hurriyet ერთ-ერთ თავდამხმელს მოიხსენიებს ჩეჩენ ოსმან ვადინოვის სახელით, რომელიც თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიიდან, რაქადან 2015 წელს შევიდა.

თურქეთის ხელისუფლება ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას ჩატაევთან და ვადინოვთან დაკავშირებით ოფიციალურად არ ადასტურებს.

ცნობისათვის, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 230-ზე მეტი დაშავებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. წინასწარი გამოძიებით, ტერაქტი ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მოაწყო.

კომენტარები