თვითმკვლელობა

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადება დემურ სტურუას თვითმკვლელობაზე

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პლატფორმის წევრები მოითხოვენ ფაქტის უსწრაფეს, ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას. ორგანიზაციები მოითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ დაიწყოს არსებული ნარკოპოლიტიკის და ძალადობრივი პოლიციური სისტემის რეფორმირების პროცესი. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შეგვძრა 22 წლის ახალგაზრდას დემურ სტურუას გარდაცვალების ამბავმა. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ დემურის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. მოვითხოვთ ამ საზარელი ფაქტის უსწრაფეს და ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას.

შეძრწუნებულები ვართ იმ გარემოების გამო, რომ ახალგაზრდა ადამიანმა შესაძლოა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე პოლიციელების მხრიდან გაუსაძლისი ზეწოლის, მუქარის და ძალადობის შედეგად. მის მიერ დატოვებულ წერილში აღწერილი ვითარება პირდაპირი ანარეკლია იმ რეპრესიული სისტემისა და გავრცელებული პოლიციური პრაქტიკისა, რომელიც  ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის პირობებში ჩამოყალიბდა. არსებული ნარკოპოლიტიკა არის საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ყველაზე მახინჯი გადმონაშთი, რომელიც მიმართულია  მხოლოდ ადამიანების დევნასა და უსამართლო დასჯაზე და ექსკლუზიურად ემსახურება ძალოვანი სტრუქტურების კერძო ინსტიტუციურ საჭიროებებს - იქონიონ ადამიანების დაშინების და დაშანტაჟების მექანიზმი, რათა აიძულონ თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოში განხორციელებული სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა არის  ირაციონალური და არაჰუმანური, ლახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას. ქართულ “მკვლელ” ნარკოპოლიტიკას  არ გააჩნია ანალოგი ცივილიზებულ სამყაროში. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ პოლიტიკით მიღებული რაიმე დადებითი შედეგების შესახებ. არსებობს მხოლოდ საპირისპირო გამოცდილება და ფაქტები, რომ იგი იწვევს ადამიანების კრიმინალიზაციას, ტანჯვას, სიკვდილს, და საზოგადოებაში ამკვიდრებს უსამართლო და ღირსების შემლახავი საჯარო პოლიტიკის განცდას.

დემურის წერილში აღწერილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ პოლიციის კონკრეტულ თანამშრომელს, არამედ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ვინც საკუთარი ქმედებით თუ უმოქმედობით, ხელს უწყობს არსებული უგუნური და კაცთმოძულე ნარკოპოლიტიკის არსებობას საქართველოში და ვინც ეწინააღმდეგება ნებისმიერი პროგრესული ცვლილების გატარებას ამ მიმართულებით.

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან დაუყოვნებლივ  დაიწყოს არსებული ნარკოპოლიტიკის და ძალადობრივი პოლიციური სისტემის რეფორმირების პროცესი, რომელიც, როგორც მინიმუმ, მოიცავს დრაკონული ნარკოკანონმდებლობის შეცვლას და ზრუნვის და დახმარების პროგრამების განსახორციელებლად რესურსების მნიშვნელოვან გაზრდას. საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მზად არის ხელისუფლებას წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში" - აცხადებს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომლის წევრებიც არიან: 

1. ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GE-NPUD)
2. თეთრი ხმაურის მოძრაობა
3. 2 ივნისის მოძრაობა
4. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯია
5. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
6. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
7. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
9. საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
10. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
11. პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭო (Ge-CAB)
12. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
13. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - (CTC)
14. სამედიცინო ცენტრი „ურანტი"
15. კლინიკა "ნეოგენი"
16. ახალი ვექტორი
17. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
18. თანადგომა
19. ჰეპა პლიუსი
20. რუბიკონი
21. ნაბიჯი მომავლისკენ
22. ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია აკესო
23. ქსენონი
24. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
25. რეალური ხალხი რეალური ხედვა
26. პოზიტიური არჩევანი
27. იმედი
28. ფენიქსი 2009
29. ჰერა XXl
30. ახალი გზა
31. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP)
32. ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის
33. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის
34. საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი"
35. დაავადებათა პრევენციის, კონტროლისა და გაუვრცელებლობის ასოციაცია
36. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
37. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
38. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
39. მსოფლიო ექიმები საფრანგეთი - საქართველოს წარმომადგენლობა.

კომენტარები