გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ შორენა თეთრუაშვილმა პროვოკაცია მოაწყო

exclusivenews.ge

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მაღალიერარქის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, შესაძლოა, პროვოკაცია პატრიარქის მდივან-რეფერანტმა შორენა თეთრუაშვილმა და იმ ძალებმა მოუწყვეს, "რომლებმაც ეს ქალბატონი საპატრიარქოში მოიყვანეს". მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ქონების მართვის დეპარტამენტში არაერთი კორუფციული სქემა და დარღვევა აღმოაჩინა, რაც, მისი თქმით, შესაძლოა გამხდარიყო შორენა თეთრუაშვილის მხრიდან პროვოკაციის მოწყობის საფუძველი.

მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, ინტერვიუს დაწყებისას ხელისუფლებას მოუწოდა, საქმე კვალიფიციურად გამოიძიონ, რადგან "გაჟღერებულმა ინფორმაციამ გააჩინა არაერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში".

"დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და არსებულ კლინიკას, რომელთან მიმართებაშიც ბევრი კითხვის ნიშნები იყო, კორუფციული გარიგებებისა თუ სხვადასხვა ფაქტების თვალსაზრისით. ასევე, ქონების მართვის სამსახურში, სწორედ მამა გიორგის მიერ აღმოჩენილი უამრავი საკითხები, არსებული, არასახარბიელო, კორუფციული გარიგებებისა, რომელიც ჩემ მიერ არცთუ დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემას უკავშირდება, იმ ე.წ. რუხი კარდინალის [შორენა თეთრუაშვილის] და ჩრდილოვანი მმართველობის სახით", - თქვა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც ცოტა ხნის წინ პატრიარქის მდივან-რეფერანტის განუსაზღვრელ ძალაუფლებასა და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდა, მიიჩნევს, რომ ეს საკითხი შესაძლოა იყოს პირველხარისხოვანი პრობლემის - ჩრდილოვანი მმართველობის გადაფარვის მცდელობა.

"ეს ქალბატონი ასევე მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს, მანამ სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი. რა თქმა უნდა, მამა გიორგის დანიშვნით ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩინდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ", - თქვა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ მოუწოდა სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ხელისუფლებას, გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის უსაფრთხოება "მანამ, სანამ მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაადგენს სიმართლის მტკიცებას. მან აუცილებლად უნდა დაარღვიოს დუმილი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გამოძიება, წერტილი ვერ დაისმება მამა გიორგისთან მიმართებაში".

მისი თქმით, "რაც ჩემი თავი მახსოვს, საპატრიარქოს ამ არაჯანსაღ მმართველობასთან სიახლოვეში, გაიხსენებენ ჩვენი თანამემამულეები, რომ წლების განმავლობაში, ხშირად ვრცელდება მსგავსი დეზინფორმაცია, შანტაჟი, პირადად პატრიარქის დაშანტაჟება, რომ არაერთგზის უცდიათ მისი მოწამვლა... ძალიან საინტერესო იქნება, თუ პროკურატურა დაინტერესდება, როგორ აღმოჩნდა შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში, 1981 წელს, რა ბრალდებით, რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა და როგორ მოიპოვა ასეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება", - თქვა მეუფე პეტრემ და დასძინა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ ძალებს, "რომელთა წარმომადგენელიც არის ეს ქალბატონი".

"დიდი ხანია ვიცი, რომ შანტაჟი, სპეკულირება, ამ თემასთან მიმართებაში, პატრიარქისა, დიდი ხანია გრძელდება. ვის სჭირდებოდა, რომ საზოგადოების, პატრიარქისა და ეკლესიის ყური შეჩვეულიყო ამ თემას. ხელისუფლებას მართებს უფრო პროფესიონალურად, უფრო სიღრმისეულად გამოიძიოს და ჩაყვეს ამ პრობლემას, რადგან ეს პრობლემა არც იწყება ამ ფაქტით და ვერც დამთავრდება ამ ფაქტით", - თქვა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტის თქმით - "გარე ძალები ის ძალებია, რომელთაც ხსენებული ქალბატონი მოიყვანეს საქართველოს საპატრიარქოში და დღემდე ყველაზე დიდ დასაყრდენს ხედავენ მასში, მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში... სანამ მხილება არ დაიწყება, სანამ ანალიზი 90-იანი წლებიდან არ დაიწყება, ვერ გავალთ ფონს".

"არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროვოკაციას წამოეგო თვით მამა გიორგი, ასევე იმ ძალებისას, რომლებიც არიან მტრები მართლმადიდებლობისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. ნამდვილად მტრული ძალები. არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი ახალგაზრდობით, რაღაც ამ სცენარის მონაწილე გახდა და ვფიქრობ, ის დაარღვევს დუმილს და არ იქნება დაფარული, რომელი არ გაცხადდეს. თუმცა, საქართველოს ისტორიას აქვს ასეთი საინტერესო ფაქტი, კათალიკოს-პატრიარქის კირიონის მკვლელობის შემდეგ, როდესაც ეს მკვლელობა დაბრალდა მის უერთგულეს პიროვნებას, ეპისკოპოსოს ტარასი კანდელაკს, ის ამბობდა, რომ მე სულის საცხოვნებლად მარტო ის მეყოფა, რომ ამ ცილისწამების მსხვერპლი გავხდიო", - ამბობს მიტროპოლიტი.

კომენტარები