თურქეთი-რუსეთი

მოსკოვში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს

AP

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალური შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრის ძირითადი თემები სირიასა და ერაყში არსებული მდგომარება, რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები, ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

"გვიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების აღდგენის პროცესი ასეთი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს", - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის დაწყებისას.

ერდოღანის მოსკოვში ვიზიტს დასავლეთი თურქეთსა და რუსეთს შორის კავშირის გაძლიერების შანსად აფასებს. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ბოლო დროს თურქეთს ევროკავშირსა და NATO-სთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. გასულ კვირაში, ერდოღანმა გერმანიას ნაცისტური ჩვევების გამეორებაშიც კი დასდო ბრალი.

ერდოღანს სურდა, გერმანიის ორ ქალაქში თურქ მინისტრებს თურქულ დიასპორასთან ერთად 16 აპრილის რეფერენდუმთან დაკავშირებით მხარდამჭერი აქციები ჩაეტარებინათ, რაზეც გერმანიის მთავრობამ მას უარი უთხრა.

ამ ყველაფრის ფონზე, ერდოღანის ვიზიტი მოსკოვში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო 2 წლის განმავლობაში გამწვავდა. ისინი სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში დაპირისპირებულ ბანაკებს უჭერენ მხარს. ურთიერთობის გამწვავებაში დიდი როლი ითამაშა, 2015 წლის ნოემბერში, თურქეთში, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამაც. ინციდენტამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთმა სირიაში ასადის მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები დაიწყო. თურქეთი კი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებდა.

"უამრავი რამ მოხდა, თუმცა ბოლო დროს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი ურთიერთობის დამყარებაზე, როგორიც გვეკადრება", - თქვა პუტინმა.

კომენტარები