ბავშვის მოვლა

რატომ არ უნდა გავუხვრიტოთ 3 წლამდე ბავშვებს ყური

მცირეწლოვანი ბავშვებისა და ახალშობილებისთვის ყურის გახვრეტა თანამედროვე მოდის  ტენდენციად იქცა. თუმცა, თუ შვილისთვის ყურის გახვრეტა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები უფროსებზე გაცილებით მგრძნობიარეები არიან და მეტი ყურადღებით მოეკიდეთ თითოეულ დეტალს. პროცედურას ახლავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც.

ყურის გახვრეტას შემდეგი რისკები ახლავს:

  • პირველ რიგში, ადრეულ ასაკში შესაძლოა ზუსტად ვერ განისაზღვროს ადგილი, სად სჯობს ყურის გახვრეტა და შემდგომ მისი შეხორცება და სხვა ადგილის გახვრეტა გახდეს საჭირო. 
  • ნახვრეტის ბაქტერიული დაინფიცირება - ოცდაოთხი საათის განმავლობაში მშობელმა უნდა აკონტროლოს, რომ ბავშვი არ შეეხოს ჭრილობას, თორემ ინფექციის შეჭრა თითქმის გარდაუვალია. 
  • პატარამ, შესაძლოა, საყურე შემთხვევით რამეს გამოსდოს და ყურის ბიბილო სერიოზულად დაიზიანოს.
  • ყურის ნიჟარის სისხლმომარაგების თავისებურებიდან გამომდინარე, აგრეთვე აქტიური ნეიროგენული წერტილების არსებობის გამო, მისი ნებისმიერ წერტილში გახვრეტა არ შეიძლება. ამან შესაძლოა ნერვის დაზიანება გამოიწვიოს (მაგალითად, გახვრეტილ ადგილას მგრძნობელობის დაკარგვა);​​​​​
  • და ბოლოს, ბევრ დედას მოსწონს, როცა პატარა გოგონა საყურეს ატარებს, თუმცა როცა გოგონა გაიზრდება, შეიძლება სულაც არ მოეწონოს ნახვრეტი ყურზე. ის თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა საყურის ტარება.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თუ მაინც გადაწყვეტთ თქვენი პატარასთვის ყურის გახვრეტას, უნდა მივმართოთ გამოცდილ სპეციალისტს. ნახვრეტის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ყურის გასახვრეტად განკუთვნილი თითოეული იარაღი სრულყოფილად უნდა იყოს დეზინფიცირებული და სტერილიზებული, ხოლო პირს, რომელიც პროცედურას ატარებს, საგულდაგულოდ ჰქონდეს დაბანილი ხელები და ეცვას სტერილური ქირურგიული ხელთათმანები.

ასევე, აუცილებელია ყურისა და საყურეების წინასწარი დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. უმჯობესია, გამოვიყენოთ სტერილური, ინდივიდუალურად შეფუთული საყურეები, რომლებსაც ჩვენ თვალწინ გახსნიან. დეზინფექცია შეიძლება ჩატარდეს სამედიცინო სპირტითაც, მაგრამ ვინაიდან ბავშვის კანი ძალზე მგრძნობიარეა, წყალბადის ზეჟანგის გამოყენება ჯობს.

არავითარ შემთხვევაში არ გაუხვრიტოთ ყური შვილს დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე, ვინაიდან ყურის გახვრეტისას მაღალია ტეტანუსით ინფიცირების რისკი.

საყურის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:

  • ლითონი, რომლისგანაც დამზადებულია საყურე;
  • საყურის ფორმა.

არ არის რეკომენდებული ყურების გახვრეტა 1 წლამდე. კარგი იქნება, თუ 3 წლამდე მოიცდით. თუმცა, მთავარი უკუჩვენება ბავშვის წინააღმდეგობაა. თუ მას არ სურს, არც უნდა დავაძალოთ.

კომენტარები