კრიმინალი

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

წუხელ, გვიან ღამით საცხოვრებელ კომპლექს "დრიმ თაუნის" დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობელ სახლში მცხოვრებ პირს დაცვის წევრმა მანქანის გაჩერების უფლება არ მისცა.

დაცვის წევრი კლინიკაში სამი ჭრილობით, მათ შორის თავისა და კისრის არეში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია თუ არა ბრალდებული, შსს-ში არ ამბობენ, თუმცა, ტაბულას ინფორმაციით, უწყებაში ის უკვე გამოკითხეს და ამჟამად შესაბამისი ექსპერტიზა მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები