რუსეთი

პუტინი: ახალი რაკეტების გამოცდა წარმატებულია, შესანიშნავი საახალწლო საჩუქარია ქვეყნისთვის

ვლადიმირ პუტინი
Kremlin

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით ახალი, ზებგერითი სარაკეტო სისტემის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და ის 2019 წლიდან ამუშავდება:

"რუსეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი მიიღო და ეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ათწლეულების მანძილზე. ეს შესანიშნავი საახალწლო საჩუქარია ქვეყნისათვის."

"ტესტებმა, რომლებიც ახლახანს დასრულდა, წარმატებულად ჩაიარა. შემდეგი წლიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალ საკონტინენტთაშორისო სტრატეგიულ სისტემას, "ავანგარდს" მიიღებს. ეს დიდი მომენტია შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნისათვის." თქვა მან.

რუსული მედიის მიხედვით სარაკეტო სისტემების გამოცდა დომბეროვსკის სამხედრო ბაზაზე ჩატარდა.

ეს სარაკეტო სისტემა ერთ-ერთია იმ იარაღიდან, რომლის შექმნაც პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მარტში დააანონსა.

პუტინმა რუსეთის პარლამენტში გამოსვლისას აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი მაღალი ტექნოლოგიის ბირთვული იარაღი აქვს, რომელსაც თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეუძლია. პუტინის თქმით ახალი ბირთვული რაკეტა 2017 წელს გამოსცადეს და მას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეუძლია ისე, რომ ანტი-სარაკეტო სისტემებმა ვერ დააფიქსირონ. მან საილუსტრაციოდ ვიდოე კლიპები აჩვენა, რომლებზეც წყალქვეშა დრონები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩანდა.

11 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელიც მათი თქმით ახალი რაკეტის გამოცდას ასახავს. მათი თქმით ეს ზებგერითი რაკეტა პუტინის მიერ გასულ თვეს დაანონსებული რაკეტებიდან ერთ-ერთი იყო და ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. განცხადების მიხედვით რაკეტა ბგერის სიჩქარეზე 10-ჯერ სწრაფია და 2,000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ვლადიმირ პუტინმა ამ რაკეტას "იდეალური იარაღი" უწოდა და თქვა, რომ ის "უძლეველი" იარაღებიდან ერთ-ერთია.

თუმცა, ამერიკული მედია აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ახალი ბირთვული რაკეტების ოთხივე გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა.

აშშ-ში ამჯერადაც ვარაუდობენ, რომ პუტინის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები