შსს

შსს სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას გეგმავს

ebru.co.ke

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი გარკვეული უფლებების, მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების ჩამორთმევასა და სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ახალ კანონპროექტშია გაწერილი, რომელიც მთავრობას წარედგინა და უახლოეს პერიოდში განიხილავენ.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

თავად კანონოპროექტი ჯერჯერობით საჯარო არ არის.

დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა თქვა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა და მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში 116 პირი ამხილეს, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულია 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში.

ამასთან, თოლორაია ამბობს, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც, მისი აზრით, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი შეიქმნა.

"კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

"მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - ამბობს ლონდა თოლორაია.

კომენტარები