აჭარის ტელევიზია

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს

facebook.com/natia.kapanadze

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე გადააყენეს.

მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარი ოთხმა დაუჭირა, ერთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა, ანუ სამი ადამიანის მხარდაჭერა.

ნათია კაპანაძეს შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ახალი დირექტორის არჩევამდე მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს, რამდენიმე დღეში კი კონკურსი გამოცხადდება.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კვოტებით შესულმა წევრებმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ დირექტორი საბჭოს პატივს არ სცემს, ტელევიზიის რეიტინგი განახევრებულია და პრიორიტეტები არ სრულდება.

იმპიჩმენტის მოთხოვნის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აჭარის ტელევიზია აღნიშნავდა, რომ ეს პროცესები მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წელს აირჩიეს. მან მოვალეობის შესრულება წლის ბოლოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული.

კომენტარები