საქართველოს საგარეო კურსი

ბადრიძე: ​ზოგს ნეიტრალიტეტი "ნიჩურტი" ჰგონია - გამოაცხადებ და მოწინააღმდეგე თავს დაგანებებს

გიორგი ბადრიძე
გიორგი ბადრიძე

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე პრორუსული პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება საქართველოს ნეტრალიტეტისა და აქ ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების მიზანშეუწონლობის შესახებ.

ბადრიძე წერს:

"1. ეტყობა ზოგიერთს ნეიტრალიტეტი "ნიჩურტი" ჰგონია - გამოაცხადებ და მოწინააღმდეგე თავს დაგანებებს.

ნეიტრალიტეტი არის შედეგი ორ, ან მეტ დაპირისპირებულ დიდ ძალას შორის შეთანხმებისა სხვა (ხშირად მათ შორის მდებარე) ქვეყნის სტატუსზე.

ამიტომ, რამდენადაც არ უნდა სურდეს ნეიტრალიტეტი რომელიმე მცირე ქვეყანას, თუკი მისი მეზობლები არ არიან შეთანხმებული ამ ქვეყნის სტატუსზე, არაფერი გამოვა.

რუსეთის ქმედებები 1921 წელს და 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნათლად აჩვენებს, რომ ის არასდროს სცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, თუნდაც ნეიტრალიტეტის ფასად: 1921 წელს რუსეთმა საქართველო მას შემდეგ დაიპყრო, რაც ჩვენ ნეიტრალური სტატუსი გამოვაცადეთ.

ეს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა იციან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერების გარკვეული კატეგორია ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ ნეიტრალიტეტი გვჭირდება.

2. იგივე შეეხება სამხედრო ბაზებს (აქვე იგულისხმეთ ნატოს წევრობა): რუსული აგრესია 1921 წელს მაშინ დაიწყო, რაც საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ბოლო უცხოური ქვედანაყოფი ქვეყნიდან გავიდა. ამჟამად მიმდინარე რუსული აგრესიაც იმაზე დიდი ხნით ადრე დაიწყო, რაც საქართველოში პირველად ახსენეს ნატო და დასავლეთთან დაახლოვების სურვილი. ანუ, არც ნატოში წევრობის სურვილი და არც ბაზებია რუსეთის თვალში მაპროვოცირებელი ფაქტორი, არამედ თავად ჩვენი დამოუკიდებლობა!

არც ესაა უცნობი ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, ვინც თვალში ნაცარს გვაყრის და გვიმტკიცებს, აშშ-ს ბაზა პროვოკაცია იქნებოდაო...

მაკიაველის რომ დავესეხოთ: ნეიტრალიტეტს მტრები გთავაზობენ, რომ მერე შენზე იბატონონ, ხოლო ნამდვილი მეგობრები - მოკავშირეობას ("მთავარი"). თუ თავად ვთქვით უარი დახმარებაზე, მაშინ მტერს სრულ თავისუფლებას მივცემთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო განადგურებისთვის", - წერს ბადრიძე ფეისბუქზე.

ნეიტრალიტეტის და სამხედრო მიუმხრობლობის მოთხოვნის შესახებ გაცხადება პატრიოტთა ალიანსის 4 მაისის ყრილობაზე პარტიის ლიდერებმა გააკეთეს. მათ 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით აქციებიც დააანონსეს, რომელთა მთავარი მოთხოვნა სწორედ „სამხედრო მიუმხრომლობა", ასევე თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება იქნება.

„მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2 % გამოყოფილი გვაქვს NATO-ს სტანდარტებით თავდაცვისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს უფრო სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ვიდრე ასეთი მასშტაბის თავდაცვის დაფინანსებაზე”, - თქვა ირმა ინაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში თქვა, რომ "საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება შესაძლოა, პროვოკაციად იქნას აღქმული და რომ "არ ჰგონია", საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული იყოს.

კომენტარები