აზერბაიჯანში, ბაქოში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ათობით დემონსტრანტი და ოპოზიციური პარტიის, "სახალხო ფრონტის" ლიდერი, ალი კერიმლი, დააკავეს. აქციის მონაწილეები კორუფციას, დაბალ ხელფასებს და დემოკრატიის დაბალ ხარისხს აპროტესტებენ.
კერიმლი აქციაზე მისვლიდან მოკლე დროშივე დააკავეს. მისი თქმით, 50-მდე პირი, ძირითადად, ორგანიზატორები, შაბათის აქციამდე დააპატიმრეს. როგორც Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ოპოზიციის ლიდერთან ერთად სამართალდამცავებმა 80-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში, დაახლოებით, 200 ადამიანი მონაწილეობდა. მათი თქმით, 60 პირი დააკავეს, მათგან 42 კი, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ინფორმაციით, გათავისუფლებულია.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებენ.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები დაიცვან. მთავრობის არ გვეშინია და ბოლომდე ვიბრძოლებთ",-თქვა კერიმლიმ დაკავებამდე.
ბაქოს რამდენიმე ქუჩაში პოლიციის კორდონები იყო განლაგებული. გაჩერდა მეტროსადგურები, შეფერხებით მუშაობდა ინტერნეტიც.