ჰონგ-კონგი

5-თვიანი პროტესტის შემდეგ ჰონგ-კონგში ექსტრადიციის კანონპროექტი გაიწვიეს, აქციები გრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: SCMP

5-თვიანი პროტესტის შემდეგ ჰონგ-კონგში კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი ოფიციალურად გაიწვიეს. ჰონგ-კონგელები ეჭვობდნენ, რომ ასეთი კანონით ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ, ნებისმიერი ადამიანის გასამართლება იქნებოდა შესაძლებელი. ივნისში აქციები სწორედ ამ კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და პეკინის კომუნისტური მთავრობის გაზრდილი გავლენის წინააღმდეგ, პროდემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით ახლაც გრძელდება. 

პროდემოკრატიული აქციები პოლიციამ არაერთხელ ძალადობრივად დაშალა - დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა, აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციების მიმდინარეობისას ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაემატა - თავისუფალი არჩევნები, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება, პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ექსტრადირების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა თქვა, რომ მომიტინგეთა დანარჩენი მთავარი მოთხოვნების შესრულება, თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა, პატიმართა ამნისტია, მის უფლებამოსილებას აღემატებოდა. 

ოფიციალურმა პეკინმა კერი ლამს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა, თუმცა გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალო მომავალში მის ჩანაცვლებას გარდამავალი ლიდერით აპირებენ. ჰონგ-კონგის აქციებმა ჩინეთის მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. 

ჩინეთის მთავრობაში გავრცელებული ხმები უარყვეს და თქვეს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ლამის მთავრობა სრულ კონტროლს დაკარგავდა, პეკინს ყველა სახის გეგმა მზად ჰქონდა. 

სექტემბერში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ლამი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება რომ შეეძლოს, აუცილებლად ასე მოიქცეოდა. 

არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.

ჰონგ-კონგისა და ოფიციალური პეკინის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ში ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტის მიღებაზე მსჯელობენ, რითაც შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ. 

"რათქმაუნდა, ჩინეთს [სავაჭრო] შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!" - განაცხადა ტრამპმა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა. ჰონგ-კონგი კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები