საქართველოს პარლამენტი

იურიდიული დეპარტამენტი ოპოზიციის სხვა კანონპროექტის ანტიკონსტიტუციურობაზე მიუთითებდა

პარლამენტი

ევროპულმა საქართველომ გაავრცელა პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 11 ნოემბრის დასკვნა, რომელშიც დეპარტამენტი ოპოზიციის კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებდა. დასკვნის მიხედვით, დეპარტამენტის უფროსი პარლამენტის ბიუროს მოუწოდებდა, ემსჯელა ევროპული საქართველოს წარდგენილი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების მიზანშეწონილობაზე. იმავე დღეს, დეპარტამენტის რეკომენდაციით, ბიურომ კანონპროექტი კანონპროექტი ინიციატორებს დაუბრუნა, "ინიცირებისათვის სათანადო პროცედურის განხორციელების მიზნით". კანონპროექტი სახელწოდებით "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" აწესრიგებდა უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

იურიდიული დეპარტამენტის ეს დასკვნა ეწინააღმდეგება ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებს, რომ იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციურობას არ ადგენს. კერძოდ, იურიდიულმა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ოპოზიციის კანონპროექტის განხილვის დაწყება, რომელიც ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვარიანტია. ამაზე ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "აბსოლუტურად სპეკულაციური იქნება, თუ ვინმე გაბედავს ისეთი საოცრების თქმას, რომ პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ისეთი დასკვნა მოამზადა, რომელიც კონსტიტუციურობას ეხება ან არ ეხება". პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი, ოპოზიციას იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე დაუწუნა და თქვა, რომ დეპარტამენტმა კანონპროექტი უბრალოდ დაარეგისტრირა და მას "კონსტიტუციურობის ტესტი" არ გაუვლია.

იურიდიული დეპარტამენტის მიერ ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით გავრცელებულ დასკვნაში წერია - "დეპარტამენტმა განიხილა ცვლილებები და მიზანშეწონილად მიაჩნია კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება". ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრაქტიკის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი უარყოფით დასკვნას წერს და არ აგზავნის განსახილველად. ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე კი, მსგავსი არაფერი დაუწერია.

"დაწერეს, რომ მზად არის განხილვისთვის, ანუ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, მათი შეხედულებით" - ამბობს ბოკერია.

კომენტარები