ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

დონალდ ტრამპი: მიზანში ამოვიღეთ 52 ირანული ობიექტი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფეისბუკზე, ირანის ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის თქმით, ირანის მხრიდან ნებისმიერი შეტევის შემთხვევაში აშშ-მა მიზანში ამოიღო ირანისთვის მნიშვნელოვანი 52 ობიექტი, რომელიც სწრაფად განადგურდება. 

დონალდ ტრამპის თქმით, ირანში ძალიან თამამად საუბრობენ, რომ მიზანში ცალკეული ამერიკული ობიექტები ამოიღეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანელები შეტევას სოლეიმანის ლიკვიდაციაზე შესაძლო პასუხად განიხილავენ. ამავდროულად ტრამპი ამბობს, რომ ირანის ოფიციალური პირები არ საუბრობენ ყასემ სოლეიმანის მსხვერპლებზე, მათ შორის ასობით ირანელ დემონსტრანტზე. 

განცხადებაში ტრამპმა, პირადად დაადანაშაულა ყასემ სოლეიმანი აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ შეტევაში და მას ტერორისტი უწოდა. "დაე ეს იყოს გაფრთხილება ირანისთვის. ამერიკელებზე ან აშშ-ის საკუთრებაზე ირანიდან განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ მიზანში ამოვიღეთ 52 ირანული ობიექტი, რომლებიც ირანული კულტურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამ სამიზნეებზე და უშუალოდ ირანზე ძალიან სწრაფი და ძალიან ძლიერი დარტყმები განხორციელდება. აშშ-ის აღარ სურს მუქარები", — ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში დონალდ ტრამპმა განმარტა თუ რატომ ამოიღო აშშ-ის არმიამ მიზანში 52 ობიექტი. ტრამპის თქმით, 52 ირანული ობიექტი, 52 ამერიკელ მძევალს განასახიერებს, რომლებიც ისლამურმა რეჟიმმა 1979 წელს დაატყვევა. 

შემთხვევა, რომელზეც დონალდ ტრამპი საუბრობს 1979 წლის 4 ნოემბერს თეირანში მოხდა. ისლამური რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, ირანელი სტუდენტები თეირანში აშშ-ის საელჩოს შენობაში შეიჭრნენ. ირანელებმა საელჩოს 66 თანამშრომელი დაატყვევეს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ში გაქცეული ირანის შაჰის გადაცემას ითხოვდნენ. 

მოგვიანებით, სპეცოპერაციის მეშვოებით 12 ამერიკელი მძევლის გათავისუფლება მოხერხდა, მაგრამ 52 მძევალმა ტყვეობაში 444 დღე გაატარა. საბოლოოდ ყველა მათგანის გათავისუფლება შაჰის გადაცემის გარეშე მოხერხდა. 

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს აშშ-ის სარეკეტო თავდასხმას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი შეეწირა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. 

მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა. 

კომენტარები