თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

უკრაინა თეირანში ავიკატასტროფაზე რუსული რაკეტით თავდასხმის ვარიანტს განიხილავს

Fox

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინა ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, შესაძლო სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს.

დანილოვის თქმით, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია რუსული რაკეტის ნაწილების შესახებ, უკრაინელ გამომძიებლებს და ირანს სურთ, რომ ავიაკატასტროფის ადგილას ეს ნაწილები იპოვონ.

ირანის სოციალურ მედიაში გავრცელდა დაუზუსტებელი სურათი, რომელზეც ჩანს რუსული Tor-M1-ის რაკეტა, რომელსაც ირანის სამხედრო ძალები იყენებენ. 

"ჩვენი საგამოძიებო კომიტეტი ირანელ მაღალჩინოსნებს ავიაკატასტროფის ადგილზე ვიზიტის შესახებ ესაუბრება და აპირებს, რომ რუსული Tor-M1-ის რაკეტის ნაწილები იპოვოს, რაზეც ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა," - განაცხადა დანილოვმა უკრაინულ მედიასთან.

მისივე თქმით, უკრაინა გამოიყენებს იმ გამოცდილებას, რაც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების MH-17 ჩამოგდების საქმის გამოძიებაში ისწავლეს.

რამდენიმე დასავლური სადაზვერვო სააგენტოს, მათ შორის, სამი ამერიკული, ერთი ევროპული და ერთი კანადური, თავდაპირველი შეფასებით, თვითმფრინავს ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა და რაკეტით არ ჩამოვარდნილა. ამის შესახებ სადაზვერვოებმა  Reuters-ს განუცხადეს.

თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ირანის დროით 04:30 საათზე ჩამოვარდა და შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავზე მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ის 176-დან 180-მდე მერყეობს.

თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადეჰმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ირანი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს თვითმფრინავის მწარმოებელ Boeing-ს არ გადასცემს. Boeing ამერიკული კომპანიაა.

ირანელი გამომძიებლების თქმით გამოძიების პირველადი შედეგებით უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავს ჩამოვარდნამდე ცეცხლი გაუჩნდა. ანგარიში, რომელიც ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ მოამზადა, თვითმხილველთა ჩვენებებს ეყრდნობა. მასში ნათქვამია, რომ თვითმფრინავს, რომელმაც ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა, აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ჩამოვარდნამდე უახლოესი აეროპორტისაკენ გაემართა. ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული რა ტიპის ტექნიკურ პრობლემაზეა საუბარი.

ირანში ავიაკატასტროფა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისთვის პირველი ფატალური შემთხვევაა. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლების თქმით, თვითმფრინავი Boeing 737-800, რომელმაც ირანში ავიაკატასტროფა განიცადა, მათი ერთერთი საუკეთესო თვითმფრინავი იყო და მისი პილოტები ძალიან გამოცდილები იყვნენ.მათივე ინფორმაციით, რომ თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენამდე რაიმე პრობლემის ნიშანი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე 298 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რაკეტამ ააფეთქა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

ნოემბერში გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთა - სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერებს კრემლის წამყვანი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

კომენტარები