აშშ - ირანი

ტრამპი ხამენეიზე: თავის სიტყვებთან ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის Twitter-ზე გამოეხმაურა:

"ირანის ე.წ. უზენაესი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში არც ისე უზენაესი ყოფილა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე ძალიან უსიამოვნო რამეებს ამბობს. მათი ეკონომიკა ინგრევა და მათი ხალხი იტანჯება. ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თავის სიტყვებთან!"

გუშინ ხამენეიმ შეკრებილი მოსახლეობისადმი მიმართვაში მან თქვა, რომ ირანის პასუხი გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე აშშ-სათვის სილის გაწვნა იყო და ამაში მათ ღმერთი დაეხმარათ.

"ფაქტი, რომ ირანს აქვს ძალა სილა გააწნას მსოფლიო ძალებს ღმერთის ხელის დემონსტრაციაა," - თქვა მან.

ხამენეიმ თქვა, რომ სოლეიმანის ლიკვიდაციამ ვაშინგტონის "ტერორისტული ბუნება" აჩვენა და რომ აშშ-ის სანქციები ირანს დანებებას ვერ აიძულებს.

ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ერაყში მოკლეს. პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ.

8 იანვარს ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანი თავდაპირველად თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს. აღიარებას თეირანის ქუჩებში მასშტაბური აქციები მოჰყვა. პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. დააკავეს ათობით ადამიანი.

კომენტარები