კონგრესმენების წერილი გახარიას

მდინარაძე კონგრესმენის წერილზე: ობიექტური დასკვნისთვის სახ. დეპ.-ის განცხადებით ისარგებლეთ

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის, საქართველოს მთავრობის მეთაურისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა. 

"ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ აშშ-ის ბოლოდროინდელი ოფიციალური პოზიციით, მათ შორის ორპარტიული მხარდამჭერი აქტით, სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პოზიტიურია და ა.შ." - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე. 

24 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან" - წერია განცხადებაში. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები