ევროპარლამენტი

კუბილიუსი: არის საქართველოში ოპოზიციური ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არ დაიბარეს?

flickr.com

ევროპარლამენტის საგარე საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს კახა კუჭავას და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებზე დაუსვა შეკითხვა:

"შეგიძლიათ მითხრათ არის თუ არა ოპოზიციური ლიდერი საქართველოში, რომელიც მთავარ პროკურორთან არ დაიბარეს?"

მან ასევე ისაუბრა პროპორციული არჩევნების თაობაზე მოლაპარაკებებში შედეგის მიღწევის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ თუ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს არჩევნებისადმი ნდობა დაბალი იქნება:

"როდესაც ევრონესტის სესია გვქონდა, როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, მათ შორის პარლამენტის სპიკერთან და პარტიის ლიდერთან. გთხოვთ გადასცეთ მათ ჩემი მარტივი გზავნილი: ისინი დამპირდნენ რომ დიალოგი შედეგს მოიტანდა, არჩევნებში პროპორციული ელემენტი შევიდოდა. გადაეცით ჩემი სურვილი, რომ კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი. ამ შედეგის გარეშე საერთაშორისო ნდობა თქვენი არჩევნებისადმი შეზღუდული იქნება." თქვა მან.

კომენტარები