კონგრესმენების წერილი გახარიას

გახარია: შეიძლება წერილები არაა ის ფორმა, რომლითაც უნდა საუბრობდნენ სტრატეგიული პარტნიორები

ტვ.პირველი

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე მშვიდად დავსხდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება წერილები არაა ის ფორმა, რომლითაც უნდა საუბრობდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები", - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენებისგან მიღებულ რიგით მესამე წერილს.

გახარიას თქმით, მსგავსი წერილების მიღმა რანაირი მოტივიც არ უნდა არსებობდეს, მმართველ გუნდს სჯერა, რომ შეფასებები გულწრფელია და იმ "მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული პროცესის მხარდასაჭერად" ხორციელდება, რომელსაც აშშ მხარს უჭერს.

გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად ამისა, კონგრესმენების შეფასებებში შესაძლებელია დავინახოთ გარკვეული "სუბიექტური მომენტები".

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის, თუნდაც მწვავე შეფასებები, სამართლიანი, შეიძლება ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო [მივიღოთ], დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც გავაკეთებთ უახლოეს პერიოდში [..]

ყველას ყველაფერს ავუხსნით და დავანახებთ ისე ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა - ეს სახეზეა.

რა თქმა უნდა ეკონომიკური გარკვეული ასპექტებიც არსებობდა ამ წერილში და საქართველო დღეს, რეგიონში, ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება.", - ამბობს გახარია.

დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კონგრესმენებისგან უკვე მესამე წერილი მიიღო. 

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები