აშშ - ბელარუსი

პომპეო: აშშ მზადაა ბელარუსი ნავთობით უზრუნველყოს

ლუკაშენკო და პომპეო
Reuters

დღეს, 1-ელ თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბელარუსს 25 წლის განმავლობაში პირველად ეწვია.

მაიკ პომპეო ბელარუსში ურთიერთობების გაფართოების მიზნით ჩავიდა. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ში ენერგო მწარმოებლები მზად არიან ბელარუსი ნავთობით კონკურენტულ ფასებში უზრუნველყონ.

"აშშ-ს სურს ბელარუსს დაეხმაროს ააშენოს თავისი სუვერენული ქვეყანა. ჩვენი ენერგომწარმოებლები მზად არიან კონკურენტულ ფასებში მოგაწოდონ 100% ნავთობი, რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი ქვეყანა იძულებული არ უნდა იყოს დამოკიდებული იყოს ნებისმიერ ერთ პარტნიორზე," - თქვა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისიც თქვა, რომ სულ მალე ვაშინგტონი მინსკში ახალ ელჩს დანიშნავდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური კავშირის წახალისებასთან ერთად, შეერთებული შტატები გააგრძელებდა ადამიანის უფლებების რეფორმის ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს ელჩები 10 წელია არ გაუცვლიათ. 

პომპეომ ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერდა ბელარუსის დამოუკიდებლობას და ამავდროულდ აცნობიერებდა მინსკის ხანგრძლივ კავშირს რუსეთთან - "ჩვენ არ ვსაუბრობთ არჩევანზე მათსა [რუსეთს] და ჩვენ შორის. ჩვენ აქ ყოფნა გვინდა".

ლუკაშენკომ პომპეოს უთხრა, რომ ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ყველა გაუგებრობის მიუხედავად, მან მინსკში ჩასვლა გარისკა.

ბელარუსის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საუბრისას თქვა, რომ ის აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან ნავთობის მომარაგებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ამ მხრივ რუსეთის ალტერნატივას ეძებდა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსი და რუსეთი 2020 წლისთვის ნავთობის მომარაგებაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1 იანვრის შეუჩერა, რაც 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ბელარუსში მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია, მეტწილად ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის საკითხზე და ნავთობის წარმოების პროდუქტის ფასებთან დაკავშირებულ უთანხმოებებზე.

2019 წლის დეკემბერში ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას ბელარუსში წლების განმავლობაში ერთერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოყვა. "ეს არ არის ინტეგრაცია, ეს ოკუპაციაა," - ვკითხულობთ აქციაზე ერთერთ ბანერზე.

დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავდა ბელარუსისთვის გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების არსს მანამ, სანამ ინტეგრაციის პროექტი უფრო წინ არ წავიდოდა.

აშშ და ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, რომელიც ქვეყანას უკვე 26-ე წელია მართავს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ხშირად აკრიტიკებენ.

დასავლეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც 2014 წელს ბელარუსმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მხარი არ დაუჭირა. 2016 წელს დასავლეთმა ბელარუსს სანქციების ნაწილი მოუხსნა, რადგან ლუკაშენკომ პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლა.

კომენტარები