მდინარაძე: ოპონენტებს კვლავ დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია

ქართული ოცნება

მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, მესამედ დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, ქართული ოცნება ოპოზიციის წევრებს კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს. 

მმართველი გუნდის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია". დეპუტატისვე თქმით, როგორც საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, სწორედ დიალოგის განახლებაა, თუმცა ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის განცხადებებით ჩანს, რომ დიალოგს საფრთხეს უქმნის სწორედ გიგი უგულავას დაპატიმრება. 

"პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის ვერ იქნება ინდულგენცია და თავშესაფარი ერთგვარი,"- ამბობს მდინარაძე. 

დეპუტატმა ამის მაგალითად ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებების საქმეები მოიყვანა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის, საქმე.

ოპოზიციური ლიდერი გიგი უგულავა 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით 3 წლითა და 2 თვით იმ საქმეზე დააპატიმრეს, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს - სწორედ ეს წერია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასკვნაში. 

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის სარჩელი განსახილველად საპროტესტო ტალღის ფონზე მიიღო, სადაც გიგი უგულავა ერთერთი წამყვანი ფიგურა იყო. 

გუშინ, 12 თებერვალს, აშშ-ის საელჩომ იმედგაცრუება გამოთქვა გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს ცნობით, "დიალოგი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას მოითხოვს". 

უგულავასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "საქმის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას".

იმაზე, რომ ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებას გეგმავდა, ისიც მოწმობს, რომ 10 თებერვალს, უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20. 

კომენტარები