გიგი უგულავას საქმე

ევროკავშირი: გარემოებები უგულავას ვერდიქტის გარშემო ხელს არ უწყობს დიალოგის წინსვლას

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "საქმის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას."

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"ევროკავშირი ამჟამად ახლოდან სწავლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

გარემოებები ამ ვერდიქტის გარშემო ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური სიტუაციის საჭირო დეპოლარიზაციას საქართველოში.

სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა საქართველოს არსებითი ვალდებულებებია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით.

ევროკავშირი გააგრძელებს მაღალი მნიშვნელობის სხვა საქმეების მონიტორინგსაც."

გიგი უგულავას დაპატიმრებიდან მალევე, ტვიტერის საშუალებით კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაწერა, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.

ამის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში, რომელმაც დაწერა, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალადობა, სასამართლოს ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულები არიან ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენით.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკვიჩუსი კი უგულავას დაპატიმრებას ტვიტერით გამოეხმაურა და დაწერა, რომ სასამართლო ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს.

უგულავას დაკავებას გამოეხმაურენ ევროპარლამენტარებიც - გერმანელმა მიხაელ გალერმა დაწერა, რომ ძნელი დასაჯერებელია, თითქოს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად არაა მოტივირებული.

ნაჩო სანჩეს ამორმა, ვინც იმ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა, დაწერა, რომ უგულავა "მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა - ციხეში."

10 თებერვალს, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობაში დააბრუნეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები