პრეზიდენტი: პარლამენტში სსრკ-ს ჰიმნის გაჟღერება სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონდარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, "პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა". სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა".

"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს - "თავისუფლების ქარტია", რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

18 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ევროპული საქართველოს დეპუტატები, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი, შევიდნენ და სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს.

"ეს არის საბჭოთა კავშირი, ეს არის ამ ხელისუფლების ჰიმნი, ამის ფონზე უნდათ ცხოვრება, მაგრამ არ ექნებათ ამის კომფორტი - ჩვენს ქვეყანაში არ იქნება საბჭოთა კავშირი, მუდმივად ექნებათ მათ ეს დისკომფორტი" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები