კორონავირუსი

ჩინეთის მოქალაქეები, რომელთა გამოც მატარებელი გაჩერდა, კორონავირუსის რისკჯგუფში არ არიან

საქართველოს რკინიგზა

ჩინეთის 2 მოქალაქეს, რომელთა გამოც, თბილისი-ბათუმის მატარებელი გაჩერდა, პირველადი შემოწმებით კორონავირუსის ​სიმპტომები არ აღმოაჩნდათ და ისინი რისკჯგუფში არ არიან. ამის შესახებ ტაბულას სასწრაფო დახმარების ცენტრში უთხრეს. 

მათივე თქმით, ორივე მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი, გამოკვლევისთვის "ინფექციურში" გადაიყვანეს. 

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორმა, დაჩი ცაგურიამ ტაბულას უთხრა, რომ მატარებელი მგზავრების ვარაუდის გამო გაჩერდა, რომ "ორ მგზავრს რაღაც ვირუსული სიმპტომები აღენიშნებოდა".

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მგზავრები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ და "რაღაც გარკვეული რისკი არსებობდა იმ ვირუსის, რომელიც გავრცელებულია", ამიტომ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო სამსახური, გასინჯეს პაციენტი და გადაიყვანეს შესაბამის გამოკვლევებზე. მისივე თქმით, სხვა მგზავრები ახალი მატარებლით გაამგზავრეს. 

მომხდარს გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე და აღნიშნა რომ "ქსენოფობიის პროპაგანდისტმა მედიამ ჩინეთის მოქალაქეები ბულინგის მსხვერპლად აქცია". 

"ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენოფობიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია" - წერს პაატა იმნაძე Facebook-ზე.

კომენტარები